მარტა კოსი: თურქეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, რაც LGBTQ+ საზოგადოებაზე ბოლოდროინდელი ზეწოლითა და მედიის თავისუფლების შეზღუდვით არის განპირობებული

მარტა კოსი

თურქეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, რაც LGBTQ+ საზოგადოებაზე ბოლოდროინდელი ზეწოლითა და მედიის თავისუფლების შეზღუდვით არის განპირობებული - განაცხადა პარასკევს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.

თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია, თუმცა გაწევრიანების პროცესი დიდი ხანია შეჩერებულია.

გასულ კვირას თურქეთის სასამართლომ დამოუკიდებელი გამოცემა T24-ის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების განცხადებით, გამოცემამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა 118 მასალა, რომლებიც „LGBT პროპაგანდად“ შეფასდა.

მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროპაში შექმნილი „ახალი რეალობის“ ფონზე ევროკავშირი დაინტერესებულია თურქეთთან მჭიდრო და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობით, თუმცა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული წუხილები კვლავ ძალაში რჩება.

„ბოლო მოვლენები, რომლებიც ეხება მედიის თავისუფლებას, LGBTQI+ პირთა უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიას, კიდევ უფრო აშორებს თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს“, - განაცხადა კოსმა.

ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 28 ოქტომბერს გამოქვეყნდება, მკაფიოდ ასახავს „ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ამ სფეროებში“ - აღნიშნა კოსმა და დასძინა, რომ იგი „არ მოერიდება ფაქტების საჯაროდ და პირდაპირ თქმას“.

✕