1769975663
მარიო დრაგი: ევროპას ემუქრება რისკი, ერთდროულად აღმოჩნდეს დაქვემდებარებული, დანაწევრებული და დეინდუსტრიალიზებული
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დადგა არჩევანის წინაშე აშშ-ის პირისპირ, რომელიც „ხაზს უსვამს გაღებულ ხარჯებს და უგულებელყოფს ათწლეულების განმავლობაში მიღებულ სარგებელს“, და ჩინეთის პირისპირ, რომელიც „აკონტროლებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების კრიტიკულ კვანძებს და მზად არის ბოროტად გამოიყენოს ეს გავლენა“.
„ეს არის მომავალი, რომელშიც ევროპას ემუქრება რისკი, ერთდროულად აღმოჩნდეს დაქვემდებარებული, დანაწევრებული და დეინდუსტრიალიზებული“, - აღნიშნა მან.
დრაგის განცხადებით, ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიცირება და გაიმყაროს პოზიციები მიწოდების კრიტიკულ ჯაჭვებში, იმ ფონზე, როდესაც მეტოქეობა სულ უფრო მწვავდება.
მან გააფრთხილა ევროპა, რომ ძალთა გადანაწილება „ევროპისგან მოითხოვს კონფედერაციიდან ფედერაციაზე გადასვლას“.
„იქ, სადაც ევროპა ფედერაციულად მოქმედებს - ვაჭრობაში, კონკურენციაში, ერთიან ბაზარსა თუ მონეტარულ პოლიტიკაში - ჩვენ პატივს გვცემენ, როგორც ერთიან ძალას და მოლაპარაკებებსაც ერთიანად ვაწარმოებთ. ხოლო იქ, სადაც ეს ერთიანობა არ გვაქვს - თავდაცვაში, ინდუსტრიულ პოლიტიკასა თუ საგარეო საქმეებში - ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც საშუალო ზომის სახელმწიფოთა ფხვიერ გაერთიანებას, რომელთა დაყოფა და შესაბამისად მანიპულირება მარტივია. და იქ, სადაც ვაჭრობა და უსაფრთხოება ერთმანეთს კვეთს, ჩვენი ძლიერი მხარეები ვეღარ იცავს ჩვენს სუსტ წერტილებს“, - განაცხადა იტალიის ყოფილმა პრემიერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპა, რომელიც ერთიანია ვაჭრობაში, მაგრამ დანაწევრებულია თავდაცვის სფეროში, აღმოაჩენს, რომ მისი სავაჭრო ძალა გამოყენებულია მისივე უსაფრთხოების სისუსტის წინააღმდეგ, როგორც ეს ახლა ხდება“.












