მაია სანდუ: რუსეთი სექტემბერში დაგეგმილ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევას ამზადებს

მაია სანდუ

რუსეთი სექტემბერში დაგეგმილ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევას ამზადებს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

სანდუს თქმით, კრემლი რამდენიმე პოლიტიკურ პროექტში ინვესტირებას ახორციელებს, რათა თავისი ხალხი მომავალ პარლამენტში მოხვდეს და ყველა ეს პროექტი ერთი ცენტრიდან კოორდინირდება, რომელიც ძირითადად ილან შორის კრიმინალური სქემებით ფინანსდება.

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ კრიპტოვალუტის მეშვეობით დაახლოებით 100 მილიონი ევროს გადარიცხვა იგეგმება. ასევე, მოსალოდნელია საზღვარგარეთიდან ორგანიზებული დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების კამპანიები.

მაია სანდუს მტკიცებით, იგეგმება ეკლესიის გამოყენება უცხო სახელმწიფოს ინტერესებში; ე.წ. საზოგადოებრივი აზრის ლიდერებისა და ონლაინ ინფლუენსერების გამოყენება შუამავლებად ქვეყნის ევროპული კურსის საწინააღმდეგო გზავნილების გასავრცელებლად და ორგანიზებული დანაშაულის ჩართვა დესტაბილიზაციის ქმედებებში.