1791274912
კანადის პროვინცია კვებეკში გამართულ არჩევნებში გამარჯვება სეპარატისტული შეხედულებებით ცნობილმა „კვებეკის პარტიამ“ მოიპოვა
კანადის პროვინცია კვებეკში გამართულ არჩევნებში გამარჯვება „კვებეკის პარტიამ“ მოიპოვა, რომელიც სეპარატისტული შეხედულებებით არის ცნობილი, – ამის შესახებ გამოცემა Le Devoir-ი იტყობინება.
როგორც მედია წერს, სულ მცირე, 59 ოლქში „კვებეკის პარტიის“ კანდიდატები ლიდერობენ. „კვებეკის ლიბერალურ პარტიას“ უპირატესობა აქვს 40 ოლქში, „კვებეკის კონსერვატიულ პარტიას“ – 19-ში, ხოლო პარტია „სოლიდარული კვებეკი“ კი ცხრა ოლქში ლიდერობს.
პროვინციის ახალი პრემიერი პარტიის ხელმძღვანელი პოლ სენ-პიერ პლამონდონი გახდება.
„ყველა მიზეზის მიუხედავად, რომლებიც ამომრჩევლების შესაშინებლად გამოიყენეს, მათ იმედი და ცვლილებები აირჩიეს“, – აღნიშნა სენ-პიერ პლამონდონმა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ „კვებეკის პარტიას“ პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს, კვებეკის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ კვებეკის ბიზნესებსა და ტარიფებით დაზარალებულ მუშაკებს, შევქმნათ უკეთესი სამუშაო ადგილები, ვებრძოლოთ უსახლკარობას და ხელი შევუწყოთ კვებეკში მეტი საცხოვრებლის მშენებლობას“, – წერს კარნი.
კვებეკი კანადის ერთადერთი პროვინციაა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ფრანგულენოვანია. 1980 და 1995 წლებში პროვინციაში სუვერენიტეტის შესახებ ორი რეფერენდუმი გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც სწორედ „კვებეკის პარტია“ იყო. ორივე რეფერენდუმში გამოყოფის მოწინააღმდეგეებმა გამარჯვება მცირე პროცენტული სხვაობით მოიპოვეს.










