კალიფორნიაში, 18 ტონა ლუდით დატვირთული სატვირთო მოიპარეს - მწარმოებელმა ქურდებს საჯაროდ მიმართა და გარიგება შესთავაზა

ლუდი

კალიფორნიაში ეძებენ სატვირთო ავტომობილს 18 ტონა Pabst Blue Ribbon-ის მარკის ლუდით, რომელიც ქალაქ მონტკლერში დაიკარგა. მწარმოებლის მონაცემებით, ფურგონს 50 ათასზე მეტი ქილა გადაჰქონდა — კომპანიამ ეს მოცულობა ლუდის უდიდეს ქურდობად შეაფასა.

კომპანია მხოლოდ პოლიციასთან მიმართვით არ შემოიფარგლა და დაკარგული ტვირთის საჯარო ძებნა წამოიწყო. სოციალურ ქსელებში მწარმოებელმა გამტაცებელს ტრანსპორტისა და მთელი პარტიის ყოველგვარი შედეგების გარეშე დაბრუნება შესთავაზა.

„ყურადღება ქურდს: ჩვენ არ გაბრალებთ, რომ გინდა მეგობრებში დაიკვეხნო, რამდენი PBR გაქვს, უბრალოდ გვსურს, ის პატიოსანი გზით მოგეპოვებინა. კომპანია Pabst ოფიციალურად აცხადებს უკუთვლას - შენ ზუსტად 18 დღე და 44 წუთი გაქვს ჩვენი სატვირთოს დასაბრუნებლად, ზედმეტი კითხვების გარეშე. ამ ვადის გასვლამდე ჯილდოს შევთავაზებთ ყველას, ვინც ამ გამოცანის ამოხსნაში დაგვეხმარება. P.S. ეს სიმართლეა და ჩვენ უკიდურესად სერიოზულად ვართ განწყობილნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია ასევე ჯილდოს დაჰპირდა მათ, ვინც მოპარულ სატვირთოზე რაიმე სახის ინფორმაციას მიაწვდის.

მწარმოებელმა მედიას დაუდასტურა, რომ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს. Pabst-მა ასევე ცალკე შეახსენა ქურდებს ლუდის სწორი შენახვის აუცილებლობა - ახლა ეს მოპარულ პარტიასაც ეხება, რადგან „ლუდი თბება, კვალი კი უფრო და უფრო ცივდება“.