კაია კალასი: განვიხილავთ სანქციების მე-20 პაკეტს, დღეს პროგრესი მოსალოდნელი არ არის

კაია კალასი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-20 პაკეტი, სავარაუდოდ, 23 თებერვალს, არ იქნება მიღებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

„ხვალ არის ამ საშინელი ომის მეოთხე წლისთავი. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც ყველამ იცით, ამ საკითხზე დღეს პროგრესი არ იქნება“, - აღნიშნავს კალასი.

თუმცა, მან პირობა დადო, რომ „აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს ამ გადაწყვეტილების მისაღწევად“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ამ სანქციების პაკეტის მიღება. მე ვესაუბრე წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც, ასევე, აპირებენ ამ საკითხის წამოჭრას და იმ ქვეყნების დარწმუნებას, რომლებიც ამჟამად ბლოკავენ გადაწყვეტილების მიღებას - და ჩვენ, ასევე, ვეძებთ ამის განხორციელების გზებს. თუმცა, ვინაიდან მოვისმინეთ გარკვეული მკაცრი განცხადებები უნგრეთისგან, ამიტომ, სამწუხაროდ, რეალურად ვერ ვხედავ, რომ ისინი დღეს თავიანთ პოზიციას შეიცვლიან“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.