ჯინ შაჰინი და ტომ ტილისი მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

აშშ სენატი

ამერიკელი სენატორები – ჯინ შაჰინი და ტომ ტილისი მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების გამოყოფას ხელი შეუშალეს.

​„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, თუ კანონპროექტს, სახელწოდებით „დაბლოკე პუტინი“, კონგრესი და სენატი მიიღებენ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვალდებული იქნება, დაუწესოს ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები იმ უნგრელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსული ნავთობისა და გაზის შეძენასთან და რომლებიც ცდილობენ უკრაინისთვის მხარდაჭერის დაბლოკვას.

მედიის ცნობით, კანონპროექტის ინიცირება ხდება იმ ფონზე, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის მიღება.

სენატორები შაჰინი და ტილისი ამ კვირაში გეგმავენ კანონპროექტის წარდგენას.

„აშშ და ჩვენი მოკავშირეები უნდა დარჩნენ ერთიანები უკრაინის მხარდაჭერაში. ეს კანონპროექტი აკისრებს პასუხისმგებლობას უნგრეთის მაღალჩინოსნებს და, ამავდროულად, აძლევს უნგრეთს მკაფიო გზას მოკავშირეთა რიგებში დასაბრუნებლად – რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეწყვეტისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის დაბლოკვის შეწყვეტის გზით“, – განაცხადა სენატორმა ტილისმა.

„ფაინენშალ თაიმსის“​ ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დოკუმენტში პირდაპირ არ არის მოხსენიებული.

ამასთან, კონგრესის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, სწორედ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა განსაზღვროს, რომელი უნგრელი მაღალჩინოსნები არიან პასუხისმგებელნი უკრაინისთვის დახმარების შეფერხებაზე და უნგრეთის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გახანგრძლივებაზე.

19 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ მოხსნის ვეტოს უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებაზე, ვიდრე კიევი არ აღადგენს რუსული ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ მილსადენით.