იურაი ბლანარი: სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეც უახლოეს დროში ესტუმრება საქართველოს და ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. ვცდილობთ, რომ აღნიშნული მალე განხორციელდეს

მაკა ბოჭორიშვილი იურაი ბლანარი

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

იურაი ბლანარმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით.

„პარლამენტის თავმჯდომარეც უახლოეს დროში ესტუმრება საქართველოს და ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. ვცდილობთ, რომ აღნიშნული მალე განხორციელდეს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით. მაგალითად, კონსულატი გაიხსნა ქუთაისში. ურთიერთობების გაუმჯობესება ხდება, მაგალითად, დაინიშნა პირდაპირი რეისი ბრატისლავიდან ქუთაისამდე და პირიქით.

საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტული თვალსაზრისით.

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა მთლიანად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ინტეგრაციას. თქვენი ქვეყნის ერთიანობასა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყანა დაარღვევს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა.