იტალიაში, ორჯერ დაშვებული შეცდომის გამო, უდანაშაულო კაცი ჯერ დაიჭირეს, ახლა 10 წელია კომპენსაციას, 109 ათას ევროს ელოდება

პატიმარი

53 წლის მამაკაცი, რომელიც ნარკოდანაშაულის საქმეზე შეცდომით დააკავეს, დღეს უსახლკაროა. მან დაკარგა სამსახური და საცხოვრებელი, ხოლო სახელმწიფოსგან მისაღები კომპენსაცია, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღემდე არ მიუღია.

ისტორია 2011 წელს დაიწყო, როდესაც ვენეციის პროკურატურის კოორდინაციით ჩატარებული მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში მამაკაცი ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა. მას მძიმე ბრალდება წაუყენეს — თითქოს რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ნარკორეალიზატორი იყო.

თუმცა მამაკაცს დანაშაულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი სახელი სასამართლო დოკუმენტებში მექანიკური შეცდომის გამო მოხვდა — ჩანაწერში სახელის ტრანსკრიფციისას ერთი ზედმეტი ასო იყო დამატებული.

მიუხედავად შეცდომისა, იგი სანტა-მარია-მაჯორეს ციხეში გადაიყვანეს და იქ 465 დღე გაატარა. საბოლოოდ, წინასწარი მოსმენის მოსამართლემ შეცდომა გამოავლინა, დაადგინა, რომ მამაკაცი დანაშაულთან კავშირში არ იყო და გაამართლა.

თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლება მისი პრობლემების დასასრული არ აღმოჩნდა.

2016 წელს ვენეციის სააპელაციო სასამართლომ მას უკანონო პატიმრობისთვის 109 ათასი ევროს კომპენსაცია მიაკუთვნა. მიუხედავად ამისა, ათი წლის შემდეგაც თანხა მის საბანკო ანგარიშზე არ ჩარიცხულა.

როგორც ირკვევა, ამჯერად შეცდომა იმ სასამართლო დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომლებიც კომპენსაციის გასაცემად იყო საჭირო. სახელის არასწორად ჩაწერამ პროცედურა კვლავ შეაფერხა და მამაკაცი წლების განმავლობაში კუთვნილი თანხის გარეშე დატოვა.

საქმის დეტალები გაზეთ „Corriere della Sera-ს“ მამაკაცის ადვოკატმა, იზაბელა არენამ, გააცნო. მისი თქმით, დოკუმენტების გაცნობის შემდეგ რთული იყო იმის დაჯერება, რომ ადამიანს კომპენსაციის მისაღებად ამდენი ხნის ლოდინი უწევდა.

„როდესაც დოკუმენტები წავიკითხეთ, ვერ ვიჯერებდით. კომპენსაციის მიღების უფლება მოსამართლემ ათი წლის წინ აღიარა. მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ სახელი სწორად ყოფილიყო დაწერილი“, — განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, შეცდომის გამოსწორება მარტივი სამართლებრივი შუამდგომლობით შეიძლებოდა, თუმცა ამ ხარვეზის გამო მამაკაცმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები დაკარგა.

„მარტივი შეცდომის გამო, რომლის გამოსწორებაც მარტივი შუამდგომლობით შეიძლებოდა, ადამიანმა თავისი ცხოვრების ათი წელი დაკარგა“, — აღნიშნა იზაბელა არენამ.

ამჟამად ადვოკატის მთავარი მიზანი კომპენსაციის გაცემის პროცედურის დაჩქარება და მამაკაცისთვის კუთვნილი თანხის გადაცემაა.

ადამიანმა, რომელმაც უდანაშაულოდ 465 დღე გაატარა ციხეში, გათავისუფლების შემდეგაც ვერ მიიღო სახელმწიფოსგან კუთვნილი ანაზღაურება. დღეს მას 109 ათასი ევრო ეკუთვნის, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ათი წლის შემდეგაც კომპენსაციას უშედეგოდ ელოდება.

✕