ისტორიაში პირველად, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში მარინ ლე პენმა და მისმა მოკავშირეებმა 14 ადგილი მოიპოვეს

მარინ ლე პენმა და მისმა მოკავშირეებმა 14 ადგილი მოიპოვეს

საფრანგეთში კვირას გამართულ პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული გაერთიანება“ და მისმა მოკავშირეებმა სენატში რეკორდული რაოდენობის 14 ადგილი მოიპოვეს.

მედიის ცნობით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ პარტიის ისტორიაში პირველად, მათ საფრანგეთის ზედა პალატაში საპარლამენტო ჯგუფი შექმნან. მათივე ინფორმაციით, სენატში „ეროვნული გაერთიანების“ ცხრა წევრი აირჩიეს.

წინა არჩევნებში 2023 წელს, პარტიამ სამი ადგილის მოპოვება შეძლო. ჯამში კი ულტრამემარჯვენეთა ლიდერმა, მარინ ლე პენმა და მისმა მოკავშირეებმა 14 ადგილი მოიპოვეს.

„ფრანს 24“-ის ცნობით, ლე პენის პარტიამ 348-ადგილიან პალატაში წარმომადგენლობა თითქმის გააოთხმაგა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გადალახა 10-ადგილიანი ზღვარი, რომელიც საჭიროა სენატში, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში, საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად.

მედიის ცნობით, ისტორიაში პირველად, რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ მოიპოვა ადგილი ზედა პალატის არჩევნებში. თუმცა, წინასწარი შედეგების თანახმად, სენატში სამ მთავარ პოლიტიკურ ძალად მემარჯვენე, ცენტრისტული და მემარცხენე სოციალისტები დარჩებიან.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის ზედა პალატის შემადგენლობის ნახევარს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, არაპირდაპირი კენჭისყრის გზით, ადგილობრივი არჩეული თანამდებობის პირები ირჩევენ. თითოეულ სენატორს ექვსწლიანი ვადით ირჩევენ.

კვირას, 27 სექტემბერს, საფრანგეთმა ზედა პალატაში 348 კანონმდებლიდან 178 აირჩია. ეს არჩევნები საფრანგეთში ბოლო იყო 2027 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

სენატის არჩევნები არაპირდაპირია: სენატორებს ირჩევენ არა მოქალაქეები ეროვნულ კენჭისყრაში, არამედ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც 93 000-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად მუნიციპალურ მრჩევლებს აერთიანებს. კენჭისყრა ჩატარდა კონტინენტური საფრანგეთის 58 დეპარტამენტში, ასევე კორსიკაში, საფრანგეთის გვიანასა და ოთხ საზღვარგარეთულ ტერიტორიაზე არსებულ ორ დეპარტამენტში.

✕