ისრაელის პოლიციამ კათოლიკე კარდინალს მაცხოვრის ტაძარში ბზობის აღნიშვნის უფლება არ მისცა, რის გამოც იტალიის საგარეო უწყებაში ისრაელის ელჩი დაიბარეს

ნნ

 პირველად საუკუნის განმავლობაში ისრაელის პოლიციამ კათოლიკე კარდინალს მაცხოვრის ტაძარში ბზობის აღნიშვნის უფლება არ მისცა. სამართალდამცველებმა იერუსალიმის კარდინალს პიერბბატისტ პიცაბალას ტაძრისკენ მიმავალი გზა გადაუღობეს და განუცხადეს, რომ უძველეს ქალაქში წმინდა ადგილები, როგორც ქრისტიანული, ისე ებრაული და მუსლიმანური სალოცავები ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის ომის გამო დახურულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კათოლიკე კარდინალმა ბზობის ლოცვა გეთსიმანიის ტაძარში აღავლინა.

კათოლიკე კარდინალის აღდგომის ტაძარში შეშვებაზე ისრაელის უარს კრიტიკულ შეფასებები მოჰყვა კათოლიკურ სამყაროში, რის საპასუხოდაც ისრაელის მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის საშუალებას მისცემს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

„ისრაელმა დროებით სთხოვა ყველა სარწმუნოების მრევლს, არ შეასრულონ მსახურება იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილებში, რათა დავიცვათ ისინი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული შეშფოთების გამო, იერუსალიმის პოლიციამ პატრიარქს, კარდინალ პიცაბალას ეკლესიაში წირვის ჩატარებაში ხელი შეუშალა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, არანაირი ბოროტი განზრახვა არ ყოფილა. საქმე ეხებოდა კარდინალისა და მისი ჯგუფის უსაფრთხოებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქრისტიანებისთვის აღდგომის წინა კვირა მნიშვნელოვანია, ისრაელის უსაფრთხოების ძალები ამზადებენ გეგმას, რათა ეკლესიის ლიდერებმა მომდევნო დღეებში წმინდა ადგილას წირვა-ლოცვის აღსრულება შეძლონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარის გამო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს.