1750017082
ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციიდან რამდენიმე საათში აიათოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა - ირანული მედია

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციიდან რამდენიმე საათში მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ირან ინთერნეშენელი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ობიექტი, სადაც ხამენეი იმყოფება თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ლავიზიანის რაიონში მდებარეობს.
გავრცელებული ცნობით, ირანის სულიერ ლიდერთან ერთად ბუნკერში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც. გამოცემის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი ამავე ბუნკერს აფარებდა თავს 2024 წლის აპრილსა და ოქტომბერში, როდესაც ირანი ისრაელი წინააღმდეგ ოპერაციას ატარებდა.
ამასთან, როგორც გამოცემის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, 15 ივნისს ისრაელმა იერიში მიიტანა მეშხედის აეროპორტზე, რომელიც ისრაელიდან 2,3 ათასს კილომეტრში მდებარეობს, რათა ეჩვენებინა, რომ ხამენეიმ უსაფრთხოდ ვერსად ვერ უნდა იგრძნოს თავი.
მანამდე „როიტერი“ წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო ისრაელის გეგმას, რომელიც ხამენეის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. სააგენტოს ინფორმაციით, ვაშინგტონი არ არის მზად მსგავსს ზომების მიღებაზე თანხმობა განაცხადოს, ვიდრე ირანი უშუალოდ აშშ-ის მოქალაქეებზე არ მიიტანს იერიშს.
„ირან ითენრნეშენელი“ მანამდე წერდა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აიათოლა ალი ხამენეის რუსეთში შესაძლო გამგზავრების თაობაზე თუ ირანში ვითარება გაუარესდება. გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ მსგავს მოლაპარაკებებს ირანის სხვა მაღალჩინოსნებიც აწარმოებენ.