1786121718
ისლანდიამ ბრიუსელს მოუწოდა, არ ჩაერიოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დაგეგმილ რეფერენდუმში
ისლანდიის ხელისუფლებამ ევროკომისიას მიმართა თხოვნით, არ ჩაერიოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაგეგმილ რეფერენდუმში. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრაქტივი“ ავრცელებს.
„ევრაქტივის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის მთავრობა მოქალაქეებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა ამ საკითხში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს.
ისლანდიაში რეფერენდუმი 29 აგვისტოს გაიმართება.
ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტრუნ ფროსტადოტირმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ისლანდიელებმა უნდა მიიღონ.
„ევრაქტივის“ ინფორმაციით, ეს გაფრთხილება ევროკავშირის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა გააცნეს.
თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები მაინც ცდილობენ, იპოვონ გზები ისლანდიისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების გაგრძელების მხარდამჭერების დასახმარებლად, იმგვარად, რომ ისლანდიის ხელისუფლების გაღიზიანება არ გამოიწვიონ.
„ევროკომისია არასოდეს და არანაირი ფორმით არ ერევა ეროვნულ არჩევნებსა და რეფერენდუმებში“, – განაცხადა „ევრაქტივთან“ საუბრისას ევროკომისიის პრესსპიკერმა.
„ეს რეფერენდუმი ისლანდიის ხელისუფლების ინიციატივით ტარდება და გადაწყვეტილება მხოლოდ ისლანდიელმა ხალხმა უნდა მიიღოს“,- ამბობენ ევროკავშირში.
ცნობისთვის, მხოლოდ 2026 წელს ისლანდიას სულ მცირე შვიდი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ეწვია, რომელთა უმეტესობამ ღიად დაუჭირა მხარი ისლანდიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას. მათ შორის იყვნენ ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები, ასევე ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის ლიდერი ვალერი გაიერი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ისლანდიას ივლისში ეწვია და ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ისლანდია „არაფერს დაკარგავს“, თუ რეფერენდუმზე „დიახ“-ს დაუჭერს მხარს.
თევზჭერის საკითხებში ევროკომისარმა კოსტას კადისმა აპრილში ისლანდიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ბრიუსელმა შესაძლოა, ისლანდიელების დარწმუნება თევზჭერის სფეროში გარკვეული დათმობების შეთავაზებით სცადოს.
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს რომ რეფერენდუმამდე სამი კვირით ადრე ისლანდიაში ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა თითქმის თანაბარია.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს, ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიტანა, თუმცა 2015 წელს მოლაპარაკებები საკუთარი ინიციატივით შეაჩერა. მაშინ ხელისუფლებამ ამის მიზეზად ევროზონაში არსებული პრობლემები დაასახელა.









