ირანი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დარტყმებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ბეირუთზე თავდასხმებს განახორციელებს

ირანი

ირანი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დარტყმებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ბეირუთზე თავდასხმებს განახორციელებს.

ირანის ცენტრალურმა სამხედრო სარდლობამ ისრაელის ჩრდილოეთში მცხოვრები მოსახლეობა უკვე გააფრთხილა, დატოვონ აღნიშნული ტერიტორია, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო ზიანი, თუკი ისრაელი ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე დაგეგმილ იერიშებს მიიტანს.

დღეს დილით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაცემულია განკარგულება ლიბანის დედაქალაქზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ისრაელის სამხედრო უწყებამ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის ბრძანება გამოსცა.

ირანის მხრიდან მუქარა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, თეირანი ლიბანში სიტუაციის ესკალაციას არ შეეგუება და „ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოთმინებას საზღვარი აქვს“.

ამასთანავე, რეზაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშაა და ქვეყანა არსებული ბლოკადის გაგრძელებას არ დაუშვებს.