უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპანტებისთვის უსაფრთხო მარშრუტები პრაქტიკულად აღარ არსებობს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის გამოც ოკუპანტებისთვის უსაფრთხო მარშრუტები პრაქტიკულად აღარ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინის სამხედროებს შეუძლიათ, მიაღწიონ რუსული ლოგისტიკური ქსელის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთს.

„ჩვენს სამხედროებს ახლა შეუძლიათ რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების თითქმის მთელ სიღრმეზე. პრაქტიკაში, ჩვენი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ოკუპანტებისთვის უსაფრთხო გზები თითქმის აღარ არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა როგორც საშუალო, ისე შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმები, განსაკუთრებით რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე.

ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაციები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „მშვიდი დრო“ აღარ იქნება.

მისივე თქმით, დარტყმების შედეგები უკვე აისახა საწვავის მიწოდებაზე. ზელენსკის განცხადებით, განსაკუთრებით შესამჩნევია საწვავის დეფიციტი ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ რეგიონებში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ახალი ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის მზადება უკვე დაასრულა.

„დაზვერვის გაფრთხილებები რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია. მასშტაბური შეტევა შესაძლებელია, მათ ის მოამზადეს. ჩვენი ცის დამცველები დღე-ღამის განმავლობაში მზად არიან იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული მომარაგება იძლევა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ტყვეთა გაცვლის პროცესის გასაგრძელებლად.

„არსებობს წინსვლა, რათა გაცვლები განხორციელდეს. ვცდილობთ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ეტაპი შედგეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.