გერმანიამ პრაქტიკულად ამოწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტების ის მარაგი, რომლის გადაცემაც უკრაინისთვის შეეძლო - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იოჰან ვადეფული

 

გერმანიამ თითქმის ამოწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტების ის მარაგი, რომლის უკრაინისთვის გაგზავნაც შეეძლო. აღნიშნული განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა Deutschlandfunk-თან ინტერვიუში გააკეთა.

მან უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ყოვნდება უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის მიწოდება მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტები იწურება.

„ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ჩვენ აღარ გვაქვს. ის, რაც გვაქვს - ამერიკული წარმოების Patriot-ებია. სიმართლე გითხრათ: ყველაფერი, რაც კონვეიერიდან გამოდის, პირდაპირ უკრაინაში მიდის იმ მექანიზმით, რომელსაც ძირითადად ევროპელები, უპირატესად კი გერმანია აფინანსებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვადეფულის თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებს „მეტი შეეძლოთ გაეკეთებინათ“. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები და შეახსენა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის მოწოდება მარაგების შემოწმების შესახებ.