FT: ვენესუელა ახლა ტრამპის ხელშია

ვენესუელა

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ნიკოლას მადუროს წარმატებული შეპყრობის შემდეგ, დონალდ ტრამპი ფაქტობრივად რეჟიმის შეცვლის პოლიტიკაზე გადავიდა და განაცხადა, რომ აშშ აპირებს „მართოს“ ვენესუელა ხელისუფლების „სათანადო და გონივრულ“ გადაბარებამდე. სტატიაში „ვენესუელა ახლა ტრამპის ხელშია“ აღნიშნულია, რომ ეს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს რადიკალურ გადახვევას ტრამპის ადრინდელი დაპირებებიდან, რომლის მიხედვითაც ის წერტილს დაუსვამდა ჯორჯ ბუშ-უმცროსის სტილის „უსასრულო ომებს“. გამოცემა წერს, რომ ახლა პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც თითქმის 30-მილიონიანი მოსახლეობის მქონე სუვერენულ სახელმწიფოში ხდება, უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტს ეკისრება.

„ტრამპის მეორე ვადის დროს ის სულ უფრო მეტად იჩენს ინტერესს იმპერიული სტილის ოპერაციების მიმართ. შაბათს გამთენიისას კარაკასზე განხორციელებული რეიდამდე ერთი კვირით ადრე აშშ-მა საჰაერო დარტყმები მიაყენა ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიას - ეს იყო საშობაო ოპერაცია, რომელიც, ტრამპის თქმით, ქვეყნის ქრისტიანების დასაცავად ჩატარდა. ამას ასევე წინ უძღოდა გასულ ზაფხულს აშშ-ის მიერ ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების დაბომბვა. ტრამპმა ამ კვირაში კვლავ დაიმუქრა ირანზე დარტყმით, რათა იხსნას რეჟიმის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე გამოსული ადამიანები“, - წერს FT.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ახლა 2 კითხვა ჩნდება - პირველი: გაიზრდება თუ არა ტრამპის მადა სამხედრო ოპერაციებთან მიმართებით და მეორე: როგორ პირებს ის ვენესუელის მართვას.

„ასეა თუ ისე, დასავლეთ ნახევარსფეროსა და მის მიღმა არსებული ქვეყნების ლიდერები ამიერიდან ბევრად უფრო მოუსვენრად დაიძინებენ. ტრამპი სულ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს იმ კოლოსალური ცეცხლის ძალის გამოყენებისას, რომელიც მის განკარგულებაშია. მისი მხრიდან როგორც საერთაშორისო, ისე აშშ-ის კონსტიტუციური სამართლის უგულებელყოფის შედეგების გამომჟღავნებას დრო დასჭირდება. ისევე, როგორც იმის დაზუსტებას, თუ კონკრეტულად როგორ აპირებს ის ვენესუელის მართვას.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ტრამპის „ახალი მსოფლიო წესრიგი“ უკვე რეალობაა. ის არ ცნობს აშკარა წესებს, არ სცემს პატივს მოკავშირეებს, განადიდებს „ჯუნგლების კანონს“ და თითქმის ყოველთვის მისთვის ყველაფერი ფულს უკავშირდება. ვენესუელის მიწის ქვეშ უზარმაზარი სიმდიდრეა. ტრამპი კი ახლა მტკიცედ არის განწყობილი მის მოსაპოვებლად“, - წერს გამოცემა.