რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულების პოზიციისა და დაცვის მხარის შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესს დაკავებულები პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვებოდნენ, ვინაიდან ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, მათი ეტაპირება ციხიდან ვერ განხორციელდა.
დაკავებულებმა სხდომის გადადება მოითხოვეს, ვინაიდან მათ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ყოფნა და უშუალოდ დასწრება მოითხოვს.
მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიციაც მოისმინა, სადაც პროკურორმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მოსამართლეს მიეღო.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა გადადო.
„პროცესები წინასწარ განვსაზღვრეთ და იქვე სასამართლომ ორივე მხარეს მიგითითათ, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ უქმე დღეები გამოცხადდებოდა თუ არა, მართლმსაჯულება მაინც განხორციელდებოდა და 5 იანვრის სხდომა ჩატარდებოდა. ასე რომ რამე სიახლე, მოულოდნელობა, ვერც ერთ მხარეს ვერ გექნებოდათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულთა თხოვნაა, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალობა არ ირღვევა, აღნიშნულ შუამდგომლობას დავაკმაყოფილებ და ამ სხდომის კომპენსირებას სხვა დროს მოვახდენ“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.