FT: დიდი შვიდეული საგანგებო რეზერვებიდან ნავთობის ერთობლივ გამოშვებას განიხილავს

რეზერვები

Financial Times-ი იტყობინება, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრები ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ისინი ფასების მკვეთრი მატების ფონზე რეზერვებიდან ნავთობის შესაძლო ერთობლივი გამოშვების საკითხს განიხილავენ.

ნავთობის რეზერვების კოორდინაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ახორციელებს. ჯგუფის 32 წევრი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს, რაც ნავთობის ფასების კრიზისებისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ნაწილია.

მოლაპარაკებებთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, FT წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, უკვე გამოხატა მხარდაჭერა რეზერვების შესაძლო ერთობლივი გამოყენების მიმართ.

ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ ბარელზე $100-ს პირველად გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ მცირედით დაიწია.