ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე
1795550232
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს.
Fox News-თან ვრცელ ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული, რომელთა თანამშრომლების საქმიანობასაც, მისი თქმით, სწორედ მისი უწყება იძიებდა.
„გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - მისი“, - განაცხადა კრავჩენკომ. „აუცილებელი არ არის, თავად პრეზიდენტს დაადო ბორკილები, რომ მას ხელ-ფეხი შეუკრა. საკმარისია, საფრთხის ქვეშ დააყენო ის ადამიანები, რომლებსაც ის ეყრდნობა“.
კრავჩენკოს ყველაზე სერიოზული ბრალდება იმას ეხება, რაც ამის შემდეგ მოხდა. იგი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს დაავალა, შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს, სემენ კრივონოსს ეხებოდა.
„პრეზიდენტის ოფისმა გენერალური პროკურატურისთვის მითითებების გაცემა დაიწყო, რათა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაუყოვნებლივ დაეხურათ“, - განაცხადა მან. „ჩემი შეფასებით, ეს გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევას უტოლდება“.
„დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება სამთავრობო პოლიტიკისა და თვით გეოპოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობად იქცევა“, - აღნიშნა მან.
მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად გადადგომაზე უარი განაცხადა, თუმცა პოზიცია 7 სექტემბერს ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, რომელსაც, კრავჩენკოს თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დავით არახამიაც ესწრებოდა.
„როდესაც პრეზიდენტს შენი გადადგომა სურს და მის გვერდით მისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ზის, რომელიც უმრავლესობას ფლობს, დამიჯერეთ, გენერალური პროკურორის მანევრირების სივრცე უკიდურესად შეზღუდულია“, - განაცხადა მან.