ფედერიკა მოგერინი და კიდევ ორი პირი ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს

ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და კიდევ ორ პირს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებული თაღლითობისა და კორუფციის საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაში.

„ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნით, გუშინ ბრიუსელში დააკავეს ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯის რექტორი და მაღალი თანამდებობის თანამშრომელი, ასევე ევროკომისიის მაღალჩინოსანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა დიპლომატთა მომზადების პროგრამასთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში. ბელგიის ფედერალური სასამართლო პოლიციის მიერ დაკითხვის შემდეგ, სამივე პირს ოფიციალურად ეცნობა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ. ბრალდებები ეხება შესყიდვასთან დაკავშირებულ თაღლითობას და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტს და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, რადგან არ მიიჩნევა, რომ არსებობს მათი გაქცევის რისკი“, – ნათქვამია ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე გამოძიების შესახებ სხვა დეტალებს ვერ გაასაჯაროებენ, რათა საფრთხე არ შეექმნას გამოძიების შედეგებს.

„ყველა პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე ბელგიის კომპეტენტური სასამართლოები არ დაამტკიცებენ მათ დანაშაულს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ფედერიკა მოგერინი 2020 წლიდან „ევროპის კოლეჯის“ რექტორია. ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს 2014-2019 წლებში იკავებდა, 2022 წლის შემდეგ ის იყო ბრიუგეს დიპლომატიური აკადემიის დირექტორი. რაც შეეხება მასთან ერთად დაკავებულ პირებს, ევროკავშირის პროკურატურა სახელებს არ ასაჯაროებს, თუმცა დასავლური მედიასაშუალებების, მათ შორის სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ევროკომისიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი სტეფანო სანინოა, რომელიც მოგერინის უმაღლეს წარმომადგენლად მუშაობის დროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა.

ცნობისთვის, გუშინ „ევროაქტივმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ბრიუგეში მდებარე „ევროპის კოლეჯში“, ასევე რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა ევროკავშირის ფონდების, სავარაუდოდ, არამიზნობრივად გამოყენების საქმის გამოძიების ფარგლებში. მედიასაშუალების ცნობით, საქმე ეხება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას.