1770743848
ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი წესები „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ, რაც გავლენას მოახდენს ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე.
ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს ევროკავშირის რეგლამენტში თავშესაფრის მინიჭების პროცედურის შესახებ და დაამტკიცეს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოების სია. ამიერიდან ასეთ ქვეყნებად ჩაითვლება: ბანგლადეში, ეგვიპტე, ინდოეთი, კოლუმბია, კოსოვო, მაროკო და ტუნისი, ასევე გარკვეული დათქმებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ჩაითვლებიან უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად, თუ არ იარსებებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა განურჩეველი ძალადობა შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, ან თუ ამ ქვეყნებზე ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლების დარღვევის გამო დაწესებულია ეკონომიკური სანქციები.
ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს სიაში შეტანილ ქვეყნებსა და ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას და გარემოებების შეცვლის შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას. მას შეეძლება, დროებით გადაწყვიტოს, რომ ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ეროვნულ დონეზე განსაზღვრონ დამატებითი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნები.
ახალი წესების ამოქმედების შემდეგ უსაფრთხო მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ პირებს, თავშესაფრის მოთხოვნისას, მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მათი საკითხი „განსაკუთრებულ შემთხვევას” წარმოადგენს. მაგალითად, რომ დაბრუნების შემთხვევაში მათ დაემუქრებათ საფრთხე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ განაცხადს დაჩქარებული წესით უარყოფენ.
გარდა ამისა, ახალ წესებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ განმცხადებელი ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნის გავლით მოხვდა და შეეძლო „ეფექტური დაცვის” მოთხოვნით ამ ქვეყნისთვის მიემართა, ან თუ ამ მესამე ქვეყანას ევროკავშირთან აქვს შეთანხმება თავშესაფრის მაძიებლების მიღების შესახებ (გამონაკლისს წარმოადგენენ მეურვის გარეშე მყოფი არასრულწლოვნები).
ევროკავშირის კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილებები შესაძლოა, უკვე 2026 წლის ივნისიდან შევიდეს ძალაში.
მანამდე, ცვლილებები ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.












