1774992683
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
კომისიამ ასევე გააფრთხილა ისინი ყურის რეგიონში არსებული კონფლიქტით გამოწვეული ხანგრძლივი ენერგეტიკული კრიზისის შესახებ.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ევროპა „ძალიან სერიოზული მდგომარეობის“ წინაშე დგას, რომლის დასასრულიც ჯერ არ ჩანს.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალ მშვიდობა დაისადგურებს, უახლოეს მომავალში ჩვენ მაინც ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა მან სამშაბათს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ, სადაც აღნიშნულ კრიზისს განიხილავდნენ.
„რაც უფრო მეტს გააკეთებთ ნავთობის, განსაკუთრებით კი დიზელისა და საავიაციო საწვავის დასაზოგად, მით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით“, - განაცხადა იორგენსენმა.
მან მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გაითვალისწინონ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციები, რომლებიც, მისი თქმით, მოიცავს „შესაძლებლობის შემთხვევაში სახლიდან მუშაობას, მაგისტრალებზე სიჩქარის ლიმიტის ათი კილომეტრით [საათში] შემცირებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის წახალისებას, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მონაცვლეობას... ავტომობილების ერთობლივი გამოყენების გაზრდასა და მართვის ეფექტური პრაქტიკის დანერგვას“.










