ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნაწილობრივ გააუქმებს

ევროკავშირი

ევროკავშირი ნაწილობრივ გააუქმებს სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ელჩებმა შესაბამისი გადაწყვეტილების ტექსტი წინასწარ უკვე შეათანხმეს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მიიღებენ.

როგორც „დოიჩე ველეს“ დიპლომატიურმა წყაროებმა აცნობეს, შეზღუდვების მოხსნა პირველ რიგში სირიის ცენტრალურ ბანკს შეეხება.

„სანქციები დაწესებული იყო ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ, ეს რეჟიმი აღარ არსებობს“, – ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ევროპელი დიპლომატი.

ამავე დროს, ბრიუსელში ამბობენ, რომ იტოვებენ უფლებას, ხელახლა დააწესონ სირიის მიმართ შეზღუდვები, თუ ეს საჭირო გახდება.

მანამდე, ევროკავშირი მიესალმა სირიაში მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ეროვნული ორგანოსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის შექმნას.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყოვლისმომცველი მართლმსაჯულებისა და სიმართლის დადგენისკენ, რასაც სირიელი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსამსახურში.

თებერვალში ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, მხოლოდ დროებით შეეჩერებინა სირიის წინააღმდეგ რიგი შეზღუდვების მოქმედება ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარდამავალი პროცესის, მისი სწრაფი ეკონომიკური აღდგენის, რეკონსტრუქციისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად.

სხვა საკითხებთან ერთად, შეჩერდა სექტორული ზომები ენერგეტიკის (ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ჩათვლით) და ტრანსპორტის სექტორებში, სანქციების სიიდან ამოიღეს ოთხი ბანკი და სირიის სახელმწიფო ავიაკომპანია, ასევე მოიხსნა აკრძალვა სირიის ცენტრალური ბანკისთვის სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გადაცემაზე.

ცნობისთვის, 13 მაისს სირიის მიმართ მოქმედი სანქციების მოხსნის განზრახვის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.