ევროკავშირი კვლავ უარყოფს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს – კაია კალასი

კაია კალასი

ევროკავშირი კვლავ უარყოფს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზღუდავს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მყიფე ზავი კვლავ რისკის ქვეშაა, მაგრამ დიპლომატიისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს შემდგომი ესკალაციისა და არასტაბილურობის თავიდან აცილების მცდელობების მხარდაჭერას.

„ის, რაც დღეს ხდება ჰორმუზის სრუტეში, საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში ძლიერი საერთაშორისო კოალიციის შექმნის ყველაზე მკაფიო მოწოდებაა. ბევრი ინიციატივა განიხილება, მაგრამ მიზნები მარტივია: ამ მარშრუტით ყველა ტვირთის უსაფრთხო გავლა. ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, ევროკავშირი კვლავაც უარყოფს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სრუტეში თავისუფალ და უსაფრთხო გავლას ზღუდავს. ცხადია, რომ მყიფე ზავი ბეწვზეა ჩამოკიდებული, მაგრამ ის მოლაპარაკებების საჭირო შესაძლებლობას გვთავაზობს. ევროკავშირი გააგრძელებს ყველა დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენებას, რათა რეგიონი კიდევ უფრო დიდ ქაოსში არ ჩაითრიოს. ჩვენ ვაფასებთ პაკისტანს შემდგომი მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის და ვურჩევთ მოლაპარაკებების გაგრძელებას“,- განაცხადა კალასმა.