შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1794931271
უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან კაია კალასის დემონსტრაციულმა გამორიცხვამ მწვავე კითხვები გააჩინა მისი თანამდებობის აქტუალურობასთან დაკავშირებით, - წერს Euronews.
გასულ კვირას კალასი დუბლინში გაემგზავრა ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე დასასწრებად და მტკიცედ მოითხოვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა.
„2024 წლის ივნისში ლიდერებმა გადაწყვიტეს, ვინ უნდა წარმოადგენდეს [ევროკავშირს] უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მაშინ მსჯელობდნენ იმაზე, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებები შედგებოდა“, - აღნიშნა მან.
მაგრამ ლიდერები გულგრილნი დარჩნენ და მისი წინადადება პირდაპირ უარყვეს. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ინფორმირებული პირების თქმით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ კალასს აკლდა ინსტიტუციური წონა და მისი კანდიდატურა დაიწუნა.
სამიტი დასრულდა მოლაპარაკებებისთვის გაფართოებული, ერთობლივი ევროპული გუნდის შექმნით, რომელშიც სულ შვიდი წარმომადგენელი შევიდა. მათ შორის არ არის კალასი.
„უგულებელყოფილი და ჩამოშორებული, კალასი ახლა იმ მწარე პოლიტიკურ რეალობას უყურებს თვალებში, რომლის მიხედვითაც ის, მაღალი წარმომადგენელი, რომელსაც ხელშეკრულებებით ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა აბარია, გამორიცხულია ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პროცესიდან, რაც კი კონტინენტს ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოუცდია“, - აღნიშნავს Euronews-ი.
ბრიუსელში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დუბლინში მომხდარი იმ შეცდომებისა და ფიასკოს ბუნებრივი შედეგია, რის გამოც კალასი სულ უფრო იზოლირებულ ფიგურად იქცა ამ დიდი ძალების ქალაქში.