ესტონეთის პრემიერი: არავის, მათ შორის არც უკრაინას, არ მიეცემა უფლება, გამოიყენოს ესტონეთის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო სივრცე დარტყმების განსახორციელებლად - კიევს გაეგზავნება სიგნალი იმ ეკოლოგიური დაბინძურების რისკის შესახებ, რომელიც ბალტიის ზღვას დაემუქრება, თუ უკრაინა რეგიონში ნავთობტანკერებზე იერიშებს დაიწყებს

კრისტენ მიხალი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში არავის, მათ შორის არც უკრაინას, არ მისცემენ უფლებას, გამოიყენოს ესტონეთის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო სივრცე დარტყმების განსახორციელებლად. მისივე თქმით, კიევს გაეგზავნება სიგნალი იმ ეკოლოგიური დაბინძურების რისკის შესახებ, რომელიც ბალტიის ზღვას დაემუქრება, თუ უკრაინა რეგიონში ნავთობტანკერებზე იერიშებს დაიწყებს.

ესტონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები დახურულია სხვა გემებზე, კერძოდ კი ნავთობტანკერებზე თავდასხმებისთვის.

„ჩვენ ვუთხარით ჩვენს მოკავშირეებს, მათ შორის უკრაინასაც, რომ არ ვუზიარებთ არავის ჩვენს საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო სივრცეს - მისი გამოყენება სხვას არავის შეუძლია. უკრაინას აუცილებლად გაეგზავნება სიგნალი გარემოს დაბინძურების რისკის შესახებ. მათ ეს სიგნალი, სავარაუდოდ, უკვე მიიღეს სახელმწიფოთა ლიდერებზე უფრო დაბალ დონეზე, თუმცა ეს აუცილებლად განმეორდება“, - განაცხადა მიხალმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტსა“ და ინფრასტრუქტურაზე უკრაინული თავდასხმები გაგრძელდება, რადგან ეს გემები საკვანძო როლს ასრულებენ კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსებასა და იარაღის ტრანსპორტირებაში.

„არ ღირს იმის ფიქრი, რომ რუსულ ინფრასტრუქტურაზე ან ბალტიისა თუ ნებისმიერ სხვა ზღვაში მყოფ რუსულ გემებზე განხორციელებული ეს თავდასხმები უკანასკნელი იქნება. ვინაიდან პუტინის სამხედრო დაფინანსების თითქმის ნახევარი სწორედ ამ გემებიდან მოდის და ისინი იარაღსაც გადაზიდავენ, არ ვივარაუდებდი, რომ გარკვეულ მომენტში მათზე იერიში კვლავ არ განხორციელდება“, - აღნიშნა მან.

ამასთან, კრისტენ მიხალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი ტანკერების დაზიანება ბალტიის ზღვისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს:

ცნობისთვის, 21 ნოემბერს ფინეთის თავდაცვის ძალებმა ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში, კუნძულ სუურსაარის დასავლეთით, რუსულ სავაჭრო გემზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმა დააფიქსირეს. ფინეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ რუსულ გემს 21 ნოემბერს უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს.

✕