El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais ავრცელებს.

ოთხშაბათს მომხდარი სტიქიის შედეგად 157 ადამიანი ნეპალის ტერიტორიაზე დაიღუპა, 3 კი - ჩინეთში.

სტიქია ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაატყდა თავს რეგიონს, რომლითაც ხშირად სარგებლობენ ალპინისტები. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ძირითად ვერსიად მყინვარული ტბის გარღვევა განიხილება.

ნეპალის პოლიციამ კატასტროფის ზონიდან 157 ცხედარი უკვე გამოიყვანა. ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, დაკარგულთა წინასწარ სიაში 484 ტურისტია (391 უცხოელი და 93 ადგილობრივი).

მათ გარდა, ეძებენ სამართალდამცავების 100-მდე თანამშრომელსა და ჰიდროელექტროსადგურების 60 მუშას.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის (CCTV) ცნობით, საზღვრის ჩინურ მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად კიდევ 265 ადამიანი ითვლება. საერთო ჯამში, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურები 900-მდე ადამიანს ეძებენ.