დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება, შაბათ-კვირას გამართული შეხვედრა ისტორიული იყო - კეროლაინ ლევიტი

კაროლინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება და აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში.

„პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება. მას ახლახან შეხვდა პრეზიდენტი ზელენსკი, როცა დავოსში, შვეიცარიაში ვიყავით“, – განაცხადა ლევიტმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის ან უკრაინის ლიდერებთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩართულია პროცესში.

„პრეზიდენტი კვლავ აქტიურად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ აცნობებენ მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი. მათ გასულ შაბათ-კვირას მრავალმხრივი შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც სათანადოდ არ გაშუქებულა, მაგრამ ეს ისტორიული ხასიათის იყო, სადაც პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ამ ომის ორივე მხარე, რათა პროცესი უფრო ახლოს მივიდეს მშვიდობასთან“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.