დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მარ ა ლაგოში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის მომავლის, მძევლების გათავისუფლებისა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. დონალდ ტრამპის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ომის დროინდელი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ფენომენალური საქმე გააკეთა“.

„ისრაელს სუსტი ლიდერი რომ ჰყოლოდა, ახლა არც კი არსებობდა. ეს საკმაოდ დიდი განცხადებაა, მაგრამ სიმართლეა. ისინი შეხვდნენ ძალას, რომელთან გამკლავებაც ძალიან ცოტა ქვეყანას შეეძლო. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით“, – აღნიშნა ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ირანი კვლავ შეეცდება თავისი შესაძლებლობების აღდგენას, შეერთებული შტატები მას დაამარცხებს.

„დავამარცხებთ მათ, დავამარცხებთ ჯოჯოხეთს, მაგრამ იმედია, ეს არ მოხდება. როგორც გავიგე, ირანს სურს გარიგების დადება. თუ მათ სურთ გარიგება, ეს ბევრად უფრო ჭკვიანურია. არ ვაპირე,  ვისაუბრო რეჟიმის დამხობაზე. მათ აქვთ ბევრი პრობლემა. აქვთ უზარმაზარი ინფლაცია. მათი ეკონომიკა გაკოტრებულია და ვიცი, რომ ხალხი არც ისე ბედნიერია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის შესახებ დასმულ კითხვაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროცესი დაიწყება რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია „ჰამასის“ განიარაღება.

ამასთან, ღაზის სექტორში თურქული ძალები შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა , რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან კონსულტაციებზე.

„გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან , ამ საკითხზე ვისაუბრებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.