დიდი ბრიტანეთი ირანს აფრთხილებს, რომ ორმუზის სრუტის ბლოკირება „კატასტროფული შეცდომა“ იქნება

დიდი ბრიტანეთი ირანს აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის დარტყმებზე რეაგირება და ორმუზის სრუტის ბლოკირება „კატასტროფული შეცდომა“ იქნება. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ გააკეთა.

„მე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ნათლად ვუთხარი, ახლა, რეგიონში ამერიკული ბაზების დაბომბვა უზარმაზარი, კატასტროფული შეცდომა იქნებოდა. შეცდომა იქნებოდა ორმუზის სრუტის გადაკეტვა. ვფიქრობ, ხამენეი ამას ხვდება და აცნობიერებს“, – ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კვირას, ირანის პარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ორმუზის სრუტის დახურვის შესახებ, რომელიც სპარსეთის ყურიდან ნავთობის მომარაგების საკვანძო გასასვლელი.

სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.