საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დაიკავეს.
როგორც იემენის მთავრობის ორმა წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, მეამბოხე დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა იემენის საპორტო ქალაქ დუბაბზე.
მედიის ცნობით, ისინი უკვე უახლოვდებიან სრუტის გასწვრივ მდებარე სანაპირო ქალაქებზე სრულ კონტროლს და ცდილობენ, იემენის წითელი ზღვის მთელი სანაპირო ზოლი ხელში ჩაიგდონ.
ამასთან, 10 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს. მანამდე, 8 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ, მოკავშირეებთან ერთად, დაჯგუფება „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიში მიიტანა.
ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს.