ზეთი, რომელმაც არტერიული წნევა 20 დღეში რვა პუნქტით დასწია - ახალი კვლევა

წნევა

არტერიული ჰიპერტენზია ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის ზრდის როგორც ინფარქტისა და ინსულტის, ისე სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობას. სწორედ ამიტომ, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ისეთ ახალ მეთოდებზე, რომლებიც არტერიული წნევის კონტროლს უფრო მარტივ, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროცესად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესის ცვლილება ამაში გვეხმარება, განსაკუთრებით კარგად ვერ ვიცავთ დიეტებს, ან ვარჯიშის რუტინებს.

ეფექტიანია სისხლის წნევის პრეპარატებიც, მაგრამ საჭიროა მუდმივი მიღება და ხშირად, ადამიანები უწამლო საშუალებებს ამჯობინებენ, თუკი ეს შესაძლებელია.

ახალ კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა, ბრიტანელმა მკვლევრებმა 18-დან 65 წლამდე ასაკის 40 მოხალისეზე შეამოწმეს ბაღის პიტნის ზეთის ყოველდღიური დოზის ეფექტები 20 დღის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ცდა შედარებით პატარა და ხანმოკლე იყო, შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა — პიტნის ზეთის მიმღებ პირებში სისტოლური არტერიული წნევა (ეს არის პირველი ან ყველაზე ზემოთ დაწერილი რიცხვი მაჩვენებელში) საშუალოდ 8,48 მილიმეტრით შემცირდა ვერცხლისწყლის სვეტის (mmHg) მიხედვით, პლაცებო ჯგუფთან შედარებით.

ეს გახლავთ არტერიული წნევის 8 ერთეულით შემცირების ეკვივალენტი. უფრო გასაგები რომ იყოს, სისტოლური არტერიული წნევის ყოველ 10 პუნქტით შემცირებაზე გულის შეტევის რისკი 20 პროცენტით მცირდება.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ძლიერ დადებითი იყო და აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური შედეგები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არტერიული ჰიპერტენზია კარდიომეტაბოლური დაავადების ყველაზე გავრცელებული პრევენცირებადი რისკფაქტორი და გლობალური სიკვდილიანობის ყველაზე დიდი ცალკეული რისკფაქტორია“, — ამბობს ლანკაშირის უნივერსიტეტის სპორტისა და ჯანდაცვის მეცნიერი ჯონი სინკლერი.

თუ პიტნის შესახებ ბევრი არაფერი გსმენიათ, გეტყვით, რომ უკვე დიდი ხანია, მისი ექსტრაქტები გამოიყენება მუცლის ტკივილისა და შებერილობის შესამსუბუქებლად და მიიჩნევა ანტიოქსიდანტად და ანთების საწინააღმდეგოდ.

კვლევის ყველა მონაწილეს ჰქონდა პრეჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევის ზედ ზღვარს ქვემოთა მაჩვენებელი) ან პირველი სტადიის ჰიპერტენზია.

მონაწილეთა ნახევარს დღეში ორჯერ აძლევდნენ 100 მილილიტრ წყალში გაზავებულ 50 მიკროლიტრ სუფთა პიტნის ზეთს, ნახევარს კი პლაცებოს.

სისხლის სისტოლური წნევის მნიშვნელოვანი ვარდნის გარდა, პიტნის ჯგუფს ასევე აღენიშნებოდა დიასტოლური წნევის (მეორე ან ყველაზე ბოლო რიცხვი) საშუალო ვარდნა 4.57 mmHg-ით. სტატისტიკური კორექტირების შემდეგ, მოსვენებულ მდგომარეობაში მათი გულისცემის მაჩვენებელი საშუალოდ წუთში 8,95 დარტყმით ნელი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფის წევრების.

„ამ ცდის შედეგები მიუთითებს, რომ პიტნის დანამატი შეიძლება ღირებული ხელსაწყო იყოს პრეჰიპერტენზიისა და პირველი სტადიის ჰიპერტენზიის მართვაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ჩნდება კითხვა, თუ რატომ აქვს პიტნას ეს ეფექტი. ზუსტი პასუხისთვის შემდეგი კვლევებია საჭირო, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ პიტნაში შემავალი მენთოლი იწვევს ქიმიურ რეაქციას, რომელიც ამშვიდებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მომავალმა კვლევებმა ეს ჰიპოთეზა შესაძლოა სრულად შეამოწმოს, თუმცა ამ ეტაპზე ნიშნები იმედის მომცემია.

„პიტნის ზეთი დაბალკალორიულია, იაფია და დაამტკიცა, რომ იქნება ძალიან მარტივი და ეკონომიური გადაწყვეტა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სამკურნალოდ“, — ამბობს სინკლერი.

შეგახსენებთ, რომ როგორც ყოველთვის, ასეთი კვლევის შედეგების შემთხვევაში, არ უნდა იჩქაროთ თქვენს თავზე გამოცდა.

ეს კონტროლირებადი ექსპერიმენტი იყო, კონკრეტული სახის პიტნის ზეთით, კონკრეტული დოზით და კონკრეტული ტიპის სამიზნე პაციენტებზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ ეცდებით მსგავსი რამის გაკეთებას.