დააკავეს ქართველი, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია 2012 წლიდან ეძებს - ის კვარაცხელიას თამაშის სანახავად ნეაპოლში ჩაფრინდა

კვარა

38 წლის ირაკლი ნ-ძე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად „ნაპოლი" - „ლაციოს" მატჩზე თბილისიდან სხვა ქართველ გუშემატკივრებთან ერთად ჩარტერული რეისით ჩაფრინდა ნეაპოლის კაპოდიჩინოს აეროპორტში, ევროპული ორდერის საფუძველზე საჰაერო სასაზღვრო პოლიციამ ხელბორკილები დაადო მაჯაზე.

„მან ვერ უღალატა ფეხბურთისადმი გატაცებას და კერპს, ხვიჩა კვარაცხელიას“ - წერს დაკავებული ქართველის შესახებ იტალიური პრესა.

იტალიური პრესის ცნობით, ირაკლი ნ-ძეს საბერძნეთის სასამართლომ 2012 წლის ოქტომბერში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის.

ირაკლი ნ-ძის იდენტიფიცირება, თბილისიდან კაპოდიჩინოს აეროპორტის მიმართულებით არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რომის პოლიციის საერთაშორისო სამსახურის და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მოხდა.

იტალიური პრესის თანახმად, 38 წლის ირაკლი ნ-ძეს პასპორტი დაკავების წინა დღეს ჰქონდა აღებული.

„ამგვარად, მარადონას ტრიბუნიდან მატჩის ყურების ნაცვლად, მან უსაფრთხოების კამერით უყურა ლაციოს წინააღმდეგ მატჩს. ასე დაიწყო და დასრულდა ევროპის მასშტაბით ძებნილი 38 წლის ქართველის ნეაპოლიტანური მოგზაურობა“ - წერს პრესა.