დააკავეს მამა, რომელიც მოკლულ შვილს ერთი წელი სახლში მალავდა (უცხოეთი)

პოლიცია

ვაშინგტონის შტატში დააკავეს 36 წლის ჯეიკობ ბევინსი. მას ოთხი წლის ვაჟის მკვლელობასა და ცხედრის დამალვაში ედება ბრალი, წერს New York Post. ბავშვის ნეშტი საცხოვრებელი სახლის იატაკქვეშ აღმოაჩინეს. კაცს წაუყენეს ბრალდებები მეორე ხარისხის მკვლელობის, პირველი ხარისხის გაუფრთხილებლობით მკვლელობის, ნეშტის უკანონო დამარხვისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე.

2025 წლის 4 მაისს პოლიციაში შევიდა ინფორმაცია 4 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ. მამამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ბიჭი სხვა შტატში მცხოვრებ ნათესავებთან იმყოფებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მოგვიანებით ბევინსმა აღიარა, რომ შვილს თავში დაარტყა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. შემდეგ მან ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ აბაზანაში გაქცეულ ბიჭს დაედევნა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და თავი დაარტყა.

დაახლოებით ერთი წლის წინ დაკარგული ბავშვის ნეშტი 15 მაისს იპოვეს, ნაგვის პარკში მოთავსებული, სახლის საძირკვლის ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზიანებები ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.