COVID 19-ის წარმოშობის საკითხზე აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია გასაჯაროვდება? - დოკუმენტი უკვე ბაიდენს გადაეგზავნა

მსოფლიო კოვიდი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მხარი დაუჭირა წინადადებას COVID 19-ის წარმოშობის საკითხზე ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ.

წინადადებას მხარი 419-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. მანამდე, 1 მარტს, ინიციატივას მხარი დაუჭირა კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა. ინიციატივის ავტორი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოულია.

დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ბაიდენს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა ის ხელს ამ კანონპროექტს.

1 მარტს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ Covid-19 დიდი ალბათობით „ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში“ შეიქმნა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ Covid-19-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა.