ჩვენს გალაქტიკაში დააფიქსირეს „დიდი ტალღა", რომელიც ათასობით ვარსკვლავს ადგილს უცვლის

გალაქტიკა

ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენს გალაქტიკაში უზარმაზარი "ტალღა" მოძრაობს. გზად ის უამრავ ვარსკვლავს ადგილს უცვლის, რასაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპ Gaia-ს მონაცემები ადასტურებს.

ამ ობსერვატორიამ ფუნქციონირების ბოლო პერიოდში ირმის ნახტომში არსებული მილიონობით მნათობის მდებარეობა და გადაადგილება მაღალი სიზუსტით აღბეჭდა. აღმოჩნდა, რომ "დიდ ტალღას" ისეთი ეფექტი აქვს, როგორიც წყალში კენჭის ჩაგდებას — შედეგად ის უფრო და უფრო ვრცელდება. ეს იმ ვარსკვლავებზე აისახება, რომლებიც გალაქტიკის ცენტრიდან 30 000-დან 65 000-მდე სინათლის წლის მოშორებითაა (ირმის ნახტომი დაახლოებით 100 000 სინათლის წლის მანძილს იკავებს).

ასტრონომებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება აღნიშნული ფენომენი. შესაძლოა, მიზეზი წარსულში უფრო პატარა გალაქტიკასთან შერწყმა იყოს, რამაც ირმის ნახტომი "შეაზანზარა". ზუსტი პასუხის მისაღებად მეტის გაგებაა საჭირო.

Gaia-ს მონაცემებში ტალღისებური გადაადგილების კვალი არამხოლოდ ახალგაზრდა ვარსკვლავების შემთხვევაში დააფიქსირეს, არამედ ე.წ. ცეფეიდებისაშიც, რომელთა სიკაშკაშეც ცვალებადი, მაგრამ პროგნოზირებადია. აქედან ასკვნიან, რომ ამ პროცესში საკუთარ როლს გალაქტიკურ დისკოში არსებული აირებიც ასრულებს.

"შესაძლოა, ახალგაზრდა ვარსკვლავებს ტალღის შესახებ ინფორმაცია 'ახსოვდეთ' თავად იმ აირიდან, რომელშიც ისინი დაიბადნენ", — აცხადებენ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში.

სპეციალისტები მათ მიერ აღმოჩენილ გალაქტიკურ მოძრაობას სტადიონზე მყოფთა "ცოცხალ ტალღას" ადარებენ. ამ დროს სტადიონის ერთ ბოლოში მსხდომი ადამიანები ფეხზე დგებიან, ხელებს მაღლა სწევენ და ისევ ადგილებს უბრუნდებიან, რაც სხვა სექციებშიც თანმიმდევრულად მეორდება.

სწორედ ასეთი რამ შეინიშნება მაშინ, თუკი ირმის ნახტომს სიბრტყეზე დავაკვირდებით. პირველ სურათზე, რომელიც სტატიის დასაწყისშია, ასეთი ვერტიკალური მოძრაობები ისრებითაა აღნიშნული. ისინი დისკოს შორეულ რეგიონებში ვრცელდება და ზუსტად ისეთ გადაადგილებას შეესაბამება, როგორიც ტალღისგანაა მოსალოდნელი.

შესაძლებელია, უკანასკნელი ფენომენი იმ ბევრად პატარა "რედკლიფის ტალღას" უკავშირდებოდეს, რომელიც მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი იყო. ის მზიდან დაახლოებით 500 სინათლის მოშორებით დაიკვირვება და 9000 სინათლის წელზეა გადაჭიმული, თუმცა სულ სხვა არეალში. გამორიცხული არაა, რომ ეს ასოციაცია მართებული არც იყოს, რის გასაგებადაც უფრო სიღრმისეული კვლევაა აუცილებელი.