ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე - ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გუო ძიაკუნის თქმით, პეკინი დაინტერესებულია უნგრეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით სხვადასხვა მიმართულებით.

„ბატონი მადიარის პარტიამ, „ტისამ“ გაიმარჯვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში და ჩინეთი მას ულოცავს. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, რათა გაძლიერდეს მაღალი დონის კონტაქტები და პოლიტიკური ურთიერთნდობა, გაფართოვდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და ხალხთაშორისი კავშირები, რათა ორივე ქვეყნის ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს“, – განაცხადა ძიაკუნმა.

ცნობისთვის, ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.