ბოლო ცნობები სპარსეთის ყურიდან - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო განგაში იყო, ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით ირანმა საამიროებს 174 ბალისტიკური რაკეტა ესროლა

irani israeli

ახლო აღმოსავლეთი და ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია - ბოლო ცნობები სპარსეთის ყურიდან ასეთია: ნახევარი საათის წინ, საჰაერო განგაში იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით ირანმა საამიროებს 174 ბალისტიკური რაკეტა ესროლა, საიდანაც 161 ჩამოგდებულია. ამ წუთებში თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სხვადასხვა ობიექტი იბომბება. თეირანის საპასუხო დარტყმების პარალელურად, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ირანის მოსახლეობა გააფრთხილა რომ ქუჩებში ყოფნა სახიფათოა და ურჩია სახლში დარჩენა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზას და ახალი თაობის ზემძიმე რაკეტების გამოყენებით იერიში მიიტანა შტატების საზღვაო ფლოტის ობიექტებზე ბაჰრეინში. პარალელურად, ისრაელმა ბეირუთის გარეუბანზე მინიმუმ ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ლიბანში "ცახალმა" "ჰეზბოლას" 30-ზე მეტი პოზიცია დაბომბა. მხოლოდ ირანში 600-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში. დონალდ ტრამპმა კი ცოტა ხნის წინ არ გამორიცხა, რომ, თუ საჭირო გახდა, საომარი მოქმედებები 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება.