1782413282
ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობამ საჯარო მოხელეებს სმარტფონების გამოყენება აუკრძალა
ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობამ საჯარო მოხელეებს სმარტფონების გამოყენება აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
სასამართლოს ბრძანების მიხედვით, სამხედრო და სამოქალაქო დაწესებულებების ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის მოსამართლეებს, სმარტფონების გამოყენება ოფიციალურად 16 ივნისიდან აეკრძალათ.
ოფიციალური ინფორმაციით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილება და სამუშაო ადგილზე დისციპლინის გაუმჯობესებაა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ახალი კანონის დამრღვევებს მობილურ ტელეფონებს დაუმტვრევენ და კანონის შესაბამისად დასჯიან.
რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ავღანეთის მთავრობის არაერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ შეზღუდვამ უკვე შეაფერხა ოფიციალური სამუშაო, რადგან ისინი მუშაობისას ელექტრონულ ფოსტასა და კომუნიკაციის პლატფორმებს ვეღარ იყენებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს ბრძანება „თალიბანის“ მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას ცდილობს.










