აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს აქვთ უფლება, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალონ

აშშ უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორ კონსერვატიულ შტატში მიღებული კანონები, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა სპორტში ასპარეზობას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გზას გაუკვალავს მსგავს აკრძალვებს აშშ-ის მასშტაბით და დონალდ ტრამპს „კულტურულ ომში“ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოუტანს.

სასამართლომ ხმათა უმრავლესობით გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც იმ ორი ტრანსგენდერი სტუდენტის სასარგებლოდ იყო მიღებული, რომლებმაც უჩივლეს შესაბამის შტატებს ვესტ ვირჯინიასა და აიდაჰოში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის გამო.

სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა აიდაჰოს კოლეჯის სტუდენტის, ლინდსი ჰეკოკსისა და ვესტ ვირჯინიის 15 წლის სკოლის მოსწავლის, ბეკი პეპერ-ჯექსონის საქმეებს.

სასამართლომ - რომელშიც 6-3 თანაფარდობით კონსერვატორთა უმრავლესობაა - დაადგინა, რომ ტრანსგენდერებისთვის სპორტში მონაწილეობის აკრძალვა არ არღვევს სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას განათლების სფეროში.

სამი ლიბერალი მოსამართლე გადაწყვეტილების ზოგიერთ ნაწილს არ დაეთანხმა, თუმცა სხვა ნაწილებში მხარი დაუჭირა უმრავლესობის პოზიციას.