აშშ-ის მოსამართლემ მთავრობას იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის აგენტების მიერ მინეაპოლისში დაკავებული ხუთი წლის ბიჭისა და მამამისის გათავისუფლება დაავალა

მინეაპოლისი

აშშ-ის მოსამართლემ მთავრობის წარმომადგენლებს მინეაპოლისში იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის აგენტების მიერ დაკავებული ხუთი წლის ბიჭის, ლიამ კონეხო რამოსის გათავისუფლება დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მოსამართლე ფრედ ბიერი ბიჭთან ერთად დაკავებული მამის, ადრიან ალექსანდრ კონეხო არიასის გათავისუფლებასაც ითხოვს.

მოსამართლემ ოჯახის ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მთავრობის წარმომადგენლებს მამა-შვილის გათავისუფლება 3 თებერვლამდე დაავალა.

ბავშვის დაკავების გამო გამოწვეული აღშფოთების ფონზე იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ოპერაციას არა ბავშვის, არამედ მამამისის, „არალეგალი უცხოელის“ წინააღმდეგ ატარებდნენ.

ცნობისთვის, იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის აგენტებმა მამა-შვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ხუთი წლის ლიამ კონეხო რამოსი საბავშვო ბაღიდან სახლში ბრუნდებოდა, ბიჭი და მისი მამა შავ ჯიპში ჩასვეს და მოგვიანებით ტეხასის მიგრანტი ოჯახების დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.