„არ ვიცი, რატომ გადავრჩი იმ ღამეს...“ - კრისტა პაიკის პირველი კომენტარი

ორი სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩენილი პატიმარი, კრისტა პაიკი გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა დამნაშავემ, კრისტა პაიკმა, უწყვეტი ფიზიკური ტკივილისა და სულიერი ტანჯვის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იუწყება.

პაიკი 1995 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლეს. 30 სექტემბერს მას სედაციური პრეპარატის ორი ინექცია გაუკეთეს. სასიკვდილო დოზის მიუხედავად, იგი ცოცხალი გადარჩა.

განცხადებაში, რომელიც პარასკევს პაიკის ადვოკატებმა გაავრცელეს, იგი ჰყვება, რომ სასიკვდილო ინექციის მომენტიდან უტკივილოდ ერთი წუთიც არ გაუტარებია. მას სტკივა სხეული, მკლავები, ხელის მტევნები და ყელი, უჭირს ლაპარაკი. „და ტკივილი მხოლოდ ფიზიკური არ არის. ტკივილი ჩემს გონებასა და ჩემს სულშია“, - დასძინა მან.

პაიკი ამტკიცებს, რომ სიკვდილით დასჯის ღამეს სიკვდილისთვის მზად იყო. მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა, მომხდარის არსს ეძებს. „არ ვიცი, რატომ გადავრჩი იმ ღამეს. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ“, - ნათქვამია მის განცხადებაში.

განაჩენის აღსრულებამდე ადვოკატები აფრთხილებდნენ, რომ პაიკს სისხლის დაავადება ჰქონდა. მათი თქმით, მას შესაძლო გართულებების ეშინოდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ დამნაშავემ მოითხოვა, მისი სასჯელი ქალს აღესრულებინა. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

მომხდარის შემდეგ ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადვოკატებმა სასიკვდილო განაჩენის უვადო პატიმრობით შეცვლა მოითხოვეს. მათ პაიკის მიერ გადატანილ განსაცდელს „ქიმიური წამება“ უწოდეს. სამედიცინო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შოკირებულნი არიან იმ აშკარა არაკომპეტენტურობით, რაც სიკვდილით დასჯის საკანში გამოვლინდა.

✕