არ ვფიქრობ, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი გარდაცვლილია - დონალდ ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობების.

„ის ძალიან მძიმედ დაიჭრა. სხეულის მარცხენა მხარე – ხელი, ფეხი, ყველაფერი. ის ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გარდაცვლილია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, რომ ირანის ხელისუფლება ხამენეის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდეს.

მისი თქმით, ირანის ოფიციალური პირები მნიშვნელოვან საკითხებზე კვლავ ხამენეისთან გადიან კონსულტაციას და მისგან დადასტურებას ელოდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ მომლაპარაკებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიმართ ნდობა არ აქვს, ამიტომ, მისი თქმით, შესაძლოა, ნებისმიერი სცენარი განვითარდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა ომში გამარჯვებას, ტრამპმა თქვა, „ჩვენი ფინანსური ძალა წარმოუდგენელია და ეს ყველაფერი ძალიან დიდი გამარჯვებისკენ მიდის“.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო მოძრაობას ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა შეუძლია, თუმცა აღნიშნა, რომ ირანელებისთვის პროტესტის გაგრძელება რთულია. მისივე თქმით, ბევრს უკვირს, რატომ არ უპირისპირდებიან ირანელები ხელისუფლებას.

„ძალიან რთულია პროტესტი, როდესაც გესვრიან და მზად არიან მოგკლან. სწორედ ამიტომ არ აპროტესტებენ“ , – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს, შესაძლოა, შენობების სახურავებზე განლაგებული სნაიპერები ესროდნენ.

„ადამიანები გამოდიან აქციაზე და მათ ესვრიან. ბევრი ადამიანის მოკვლა არც არის საჭირო, როდესაც ხედავ, ხუთი, ექვსი ან ათი ადამიანი ეცემა, ხოლო იქ 100 000 ან 200 000 ადამიანია, ისინი მიდიან. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ – ისინი მიდიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.