ანტონიუ გუტერეში: კლიმატის კრიზისი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე მსოფლიო მასთან გამკლავებას ახერხებს, ეს არის მწარე სიმართლე

ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საკმარისად სწრაფად არ მოქმედებს და გლობალური დათბობის 1,5-გრადუსიანი ზღვარის დროებით გადაჭარბება უკვე გარდაუვალია.

ამის შესახებ გუტერეშმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი პირველი ვალდებულებაა სიმართლის თქმა. მწარე სიმართლე კი ის არის, რომ კლიმატის კრიზისი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ მასთან გამკლავებას ვახერხებთ. 2025 წელს სათბურის აირების გაფრქვევამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტემპერატურის რეკორდები კვლავ მყარდება, ხოლო ბოლო ოთხი წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშის თქმით, პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან 11 წლის შემდეგ მეცნიერები უკვე გარდაუვლად მიიჩნევენ გლობალური დათბობის 1,5-გრადუსიანი ზღვარის გადაჭარბებას, თუმცა მისი მასშტაბისა და ხანგრძლივობის შეზღუდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„მეცნიერება არ გვეუბნება, რომ უნდა დავნებდეთ. პირიქით, ის მოგვიწოდებს, უფრო აქტიურად ვიბრძოლოთ. ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ, რომ 1,5-გრადუსიანი ზღვარის გადაჭარბება იყო დროებითი მოვლენა და არა მუდმივი განაჩენი“, – აღნიშნა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სათბურის აირების გლობალური გაფრქვევა ყოველწლიურად დაახლოებით ექვსი პროცენტით უნდა შემცირდეს, თუმცა ქვეყნების ამჟამინდელი გეგმები, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ამ მაჩვენებლის მხოლოდ მესამედს უზრუნველყოფს.

გუტერეშმა წიაღისეული საწვავის ინდუსტრია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შეფერხებაში დაადანაშაულა.

„დინოზავრებს ლობისტები არ ჰყოლიათ, წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას კი – ჰყავს. მათი სტრატეგია მარტივია: მეცნიერული ფაქტების დამახინჯება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადადება, მოქმედების გაჭიანურება და პასუხისმგებლობის თავიდან აცილება“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ქვეყნებს განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 2035 წლისთვის განახლებადი ენერგიის გლობალური სიმძლავრეები, 2025 წელთან შედარებით, სულ მცირე, სამჯერ უნდა გაიზარდოს, ხოლო ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ ემისიების შემცირების ტექნოლოგიების გარეშე წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 75 პროცენტით უნდა შემცირდეს.

გუტერეშმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას. მისი განცხადებით, ჩინეთის გამოკლებით, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი ცხოვრობს, თუმცა მათზე სუფთა ენერგიაში განხორციელებული გლობალური ინვესტიციების მეხუთედზე ნაკლები მოდის.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, განვითარებულმა ქვეყნებმა 2035 წლისთვის ყოველწლიურად, სულ მცირე, 300 მილიარდი დოლარის კლიმატური დაფინანსება უნდა უზრუნველყონ, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის 1,3-ტრილიონი დოლარის მობილიზების მიზანი რეალურ ფინანსურ მხარდაჭერად უნდა იქცეს.

„ჩვენი პლანეტა ცხელდება, დრო იწურება. ახლა გადამწყვეტი მომენტია. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მხოლოდ ციფრებისა და თერმომეტრის მაჩვენებლების საკითხი არ არის. ეს არის ბრძოლა ჩვენი სიცოცხლისა და შვილების მომავლისთვის“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

✕