მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას
1783109400
აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო, წერს Reuters-ი.
ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს შორის, რომლებზეც ამინდმა გავლენა მოახდინა, ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში გამართული Great American State Fair-იც იყო. ღონისძიება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროგრამის ნაწილია და 50-ვე შტატის წარმოჩენას ისახავს მიზნად, პარასკევს დროებით შეჩერდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
მოგვიანებით, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით გაუქმდა ვაშინგტონში დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღის ყოველწლიური აღლუმიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს სიცხის აღქმადი მაჩვენებელი 46 გრადუს ცელსიუსამდე უნდა გაიზარდოს.
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში შუა დასავლეთიდან გავრცელდა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამის მიზეზი ე.წ. „სიცხის გუმბათია“ - მაღალი წნევის სისტემა, რომელიც ცხელ ჰაერს კონკრეტულ რეგიონში აკავებს და ტენიანობის ზრდასაც იწვევს.
ექსტრემალურმა სიცხემ ელექტროენერგიის სისტემაზეც მოახდინა გავლენა. ქვეყნის უმსხვილესმა ელექტროსისტემის ოპერატორმა PJM-მა, რომელიც დაახლოებით 67 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ავარიული ენერგოდაზოგვის პროგრამებში ჩართულ მომხმარებლებს მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გენერატორების მწყობრიდან გამოსვლა, გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზები და კონდიციონერების გამოყენების მკვეთრი ზრდა გახდა, წერს სააგენტო.
ნიუ-იორკში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 17 ათასი მომხმარებელი დარჩა. კომპანია Con Edison-მა მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.
მიუხედავად უკიდურესი სიცხისა, ნიუ-იორკში ასობით ადამიანი შეიკრიბა Madison Square Garden-თან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოპ ვარსკვლავ ტეილორ სვიფტისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტრევის კელსის საქორწილო ცერემონია გაიმართა.