ანდრეი ერმაკს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, კიევის დატოვება ეკრძალება

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გირაოს თანხის შეგროვება შეძლო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. გირაოს თანხა 140 მილიონ გრივნას (3,2 მილიონ დოლარს) შეადგენდა.

ცნობისთვის, 14 მაისს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერმაკს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას უკავშირდება, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სასამართლოში ერმაკმა განაცხადა, რომ მას „ასეთი თანხა არ აქვს“, თუმცა აღნიშნა, რომ ჰყავს „საკმარისი მეგობრები და ნაცნობები“, რომლებიც გირაოს გადახდაში დახმარებას შეძლებდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გირაოს გადახდის შემდეგ ერმაკს კიევის დატოვება აკრძალული ექნება. ის ვალდებული იქნება, ჩააბაროს უცხოური პასპორტები და თავი შეიკავოს საქმის სხვა ფიგურანტებთან კონტაქტისგან.