ქოლესტერინის ანალიზს მილიონობით ადამიანს შესაძლოა არასწორად უკეთებდნენ - ახალი კვლევა
1783609545
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ტაიფუნი „ბავი“ უახლოვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნის, „ბავის“ მოახლოების გამო საგანგებო მზადება მიმდინარეობს. ჩინეთის, იაპონიის და ტაივანის რამდენიმე რეგიონში ათეულობით ავიარეისი გაუქმდა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, ხოლო მოსახლეობამ სუპერმარკეტებიდან პირველადი მოხმარების პროდუქტების მომარაგება დაიწყო.
ფილიპინებში კი ძლიერი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე მეწყერის შედეგად რამდენიმე ოჯახი მიწის ქვეშ მოყვა. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ დაკარგულთა ძებნას. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი და ხანგრძლივი წვიმები მთელი უქმეების განმავლობაში გაგრძელდება.
სინოპტიკოსების განცხადებით, ტაიფუნის შედეგად უხვი ნალექი მოსალოდნელია ტაივანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე იაპონიის შორეულ კუნძულებზე, რის შემდეგაც შაბათს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწევს.
ტაივანის ხელისუფლების განცხადებით, ტაიფუნმა, შესაძლოა, ზოგიერთ რაიონში ერთ მეტრამდე ნალექი მოიტანოს. შესაძლო საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნაში უკვე 29 000 სამხედრო მოსამსახურეა.
ტაიფუნისთვის ემზადებიან იაპონიაში საკიშიმას კუნძულების მცხოვრებლებიც. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ამაგრებენ ისინი სახლებისა და მაღაზიების ფანჯრებს და ქარისგან დამცავ ბადეებს აწყობენ.
რაც შეეხება ჩინეთს, მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ ტაიფუნი ფუძიანის პროვინციის შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთის მიმართულებითაც შეიძლება გადაადგილდეს და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს.