„მისი აზრით, შურისძიება კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა...“ - პუტინი პრიგოჟინზე შურისძიებისთვის ემზადება?

ევგენი პრიგოჟინი

რუსეთი სისხლისღვრას ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გადაარჩინა. მან დაარწმუნა “ვაგნერის” მეთაური, ევგენი პრიგოჟინი ამბოხი შეეწყვიტა. ეს ოფიციალური ვერსიაა, რომელიც ბევრს არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 23-24 ივნისს რუსეთში.

“პუტინის მზარეულის” მოულოდნელად დაწყებული ამბოხი მოულოდნელადვე დასრულდა. მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, “ვაგნერმა” კი სამხედრო ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ვაგნერის აჯანყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს "დასუსტებულად" გრძნობს. 

კითხვაზე, თუ რამდენად დასუსტდა პუტინი, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა: "ძნელი სათქმელია, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს. ის ომს აგებს სახლში. და ის გარიყულია მთელი მსოფლიოსგან. და ეს არ არის მხოლოდ ნატო, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი, არის იაპონიაც." - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტს პრიგოჟინის შესაძლო ქმედებებზე ჰკითხეს წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა: „ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია… ისიც კი არ ვიცით თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში“.

„მის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ… დეტალურად შევისწავლიდი თუ რას მთავაზობენ სადილზე”, - განაცხადა ბაიდენმა.

ევგენი პრიგოჟინი - ზედმეტსახელად “პუტინის მზარეული” 2000-იანების დასაწყისში კრემლისთვის ბანკეტებს აწყობდა.
თითქმის ყველა, ვინც რუსეთის შიდა ამბებს აკვირდება, აღიარებს, რომ გაურკვევლობაშია. 

არაერთ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული კერძო ჯარი, “ვაგნერი” უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იბრძვის. ამისთვის პრიგოჟინმა საომრად ათასობით პატიმარი წაიყვანა.

ამ ხნის მანძილზე “პუტინის მზარეული” აკრიტიკებდა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინი ამბობდა, რომ ისინი განგებ უჭიანურებენ ტყვია-წამლისა და ჭურვების მიწოდებას.

ბოლო რამდენიმე კვირა ის აკეთებდა იმას, რაც რუსეთში კანონით ისჯება - ამბობდა, რომ უკრაინასთან ომის დაწყება საჭირო არ იყო და რომ რუსეთი ამ ომში წარუმატებელია. პირველ რიგში, გენერლების არაკომპტენტურობისა და კორუმპირებულობის გამო.

10 ივნისს, სერგეი შოიგუმ უბრძანა “უკრაინაში მებრძოლ ყველა სამხედრო შენაერთს” დაემორჩილონ თავდაცვის სამინისტროს. პრიგოჟინმა უპასუხა, რომ "ვაგნერი" ამას არ გააკეთებს. სამი ამერიკული გამოცემა,( “ნიუ-იორკ ტაიმსი”, “ვაშინგტონ პოსტი” და “სიენენი”) წერს - რამდენიმე დღეში ამერიკულმა დაზვერვამ უკვე იცოდა, რომ ის ამბოხს გეგმავდა.

რა ვიცით ამბოხზე?


23 ივნისს საღამოს, “პუტინის მზარეულმა” თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” ბანაკს დაესხა და ის შურს იძიებს. 24 ივნისს, გამთენიისას, მათ თითქმის უბრძოლველად დაიკავეს ქალაქი დონის როსტოვი, საიდანაც უკრაინაში მებრძოლი რუსული ჯარი მარაგდება.

შემდეგ კოლონა მოსკოვისკენ დაიძრა. გაცხადებული მიზანი ორი მეტოქის, თავდაცვის მინისტრის და გენშტაბის უფროსის დაკავება იყო.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბოხებულებს “მკაცრი სასჯელით” დაემუქრა. ცოტა ხანში გავრცელდა იფორმაცია, რომ მისმა თვითმფრინავმა მოსკოვი დატოვა. კრემლმა კი თქვა, რომ პრეიზდენტი მოსკოვში რჩება.

ამასობაში, დედაქალაქისკენ მიმავალმა “ვაგნერმა” თავდაცვის სამინსიტროს რამდენიმე ვერტმფრენი ჩამოაგდო. დაიღუპა, სულ ცოტა, ათი მფრინავი. მოსკოვის მისადგომებთან ჯარისკაცები თხრიდნენ სანგრებს, გამოცხადდა “კონტრტერორისტული ოოპერაციის რეჟიმი“, ქალაქში შევიდა ჯავშანტექნიკა.

მაგრამ ბრძოლა არ შედგა. საღამოს რვა საათისთვის ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ის პრიგოჟინს შეუთანხმდა - “ვაგნერის” კოლონა უკან გაბრუნდება, ყველას შეიწყალებენ, “პუტინის მზარეული” კი ბელარუსში წავა.

იმავე საღამოს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დონის როსტოვის მოსახლეობა “ვაგნერელებს” ტაშით აცილებს და პრიგოჟინთან ფოტოებს იღებს. პრიგოჟინიც და პუტინიც დაახლოებით 48 საათით გაუჩინარდნენ. სიჩუმე პირველმა პრიგოჟინმა დაარღვია.

26 ივნისს, საკუთარი ტელეგრამ არხით გავრცელებულ აუდიო-მიმართვაში, მან თქვა, რომ “ვაგნერმა” უკან დაიხია, როცა “ცხადი გახდა, რომ ბევრი რუსული სისხლი დაიღვრება”.

რატომ მოაწყო “სამართლიანობის მარში”? იმიტომ, რომ “ინტრიგების შედეგად” ხელისუფლებამ “ვაგნერელებს” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა მოსთხოვა. ეს კი მხოლოდ “1-2%-ს” უნდოდა.

“სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ გამოცდილი მებრძოლები და მეთაურები საზარბაზნე ხორცი გახდებიან” - თქვა მან. “ვაგნერი” დასაშლელად მზად იყო, თუმცა მათ ბანაკზე სარაკეტო დარტყმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა და გეგმები მყისიერად შეიცვალეს.

მაგრამ მათი მიზანი ხელისუფლების ჩამოგდება არ ყოფილა, ეს პროტესტი იყო. ამიტომ პრიგოჟინი ამბობს, რომ კმაყოფილია და რუსულ ჯარს “მასტერ-კლასი უჩვენეს”. მეტიც. ის ამტკიცებს, რომ ხალხი მხარს უჭერდა. “ზოგი იმედგაცრუებული იყო, რომ გავჩერდით”, რადგან “ვაგნერელებს” უყურებდნენ, როგორც მებრძოლებს კორუფციასთან და “რუსეთში არსებულ სხვა დაავადებებთან”.

ამბოხიდან რამდენიმე საათში რუსეთის პრეზიდენტი გამოჩნდა. პუტინმა თქვა, რომ “ყველაფერი გაკეთდა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად” და აჯანყებას “ყველა შემთხვევაში ჩაახშობდნენ”. “ვაგნერელებს” ის კვლავ შეწყალებას დაჰპირდა და შესთავაზა სამი გამოსავალი - ან თავდაცვის სამინსიტროს დაქვემდებარებაში უნდა წავიდნენ, ან ბელარუსში, ანდაც სახლში.

პრიგოჟინის სახელი არ უხსენებია, და მეტი არც არაფერი უთქვამს, იმისდა მიუხედავად, რომ პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მის გამოსვლას წინასწარვე “ისტორიული” უწოდა.

27 ივნისს, პუტინმა მიმართა სამხედროებსაც და მადლობა გადაუხდა იმისთვის, რომ “ქვეყანა სამოქალაქო ომისგან იხსნეს”.

ჩხრეკა ამბოხებული „მზარეულის“ სახლში და პრიგოჟინის "50 ელფერი"

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში, ასევე, ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერ-ულვაში, ყაბლი პასპორტები, ოქროს ზოდები.

პასპორტებში მითითებული პირებიდან სულ მცირე ორი რეალურია. მედია ამბობს, რომ ერთ-ერთი დიმიტრი გეილერია, რომელმაც უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მეორე ვლადიმერ ბობროვი, აგრესიული იყო და თქვა, რომ არაფერს იტყოდა.

სახლში პრიგოჟინს აქვს პირადი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც სრულფასოვან საავადმყოფოს ჰგავს.