მაჩალიკაშვილის საქმე - სტრასბურგის გადაწყვეტილება და შეფასებები

მაჩალიკაშვილის საქმე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში. ხოლო არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.

დოკუმენტის თანახმად, საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. „ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლების ნათესავი, თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, გარდაიცვალა საავადმყოფოში, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც, დაკავებისას, სავარაუდოდ, ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის მიხედვით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მიიჩნია რა ის აშკარად დაუსაბუთებლად“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე, „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ერთობლივად 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 15 000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ გადაიტანა.

სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს საქმის მასალებზე მუდმივი წვდომა ჰქონდათ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ და არასამთავრობო წრეებში. „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაეთანხმა გამოძიების ვერსიას და თქვა, რომ გამოძიების მიერ დადგენილი ვერსია სარწმუნოა.

მთავარი, რასაც გვედავებოდნენ, რომ სახელმწიფომ მოკლა მაჩალიკაშვილი - ამ ნაწილში სრულად გამართლდა სახელმწიფო... სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაეთანხმა გამოძიების ვერსიას და თქვა, რომ არის სარწმუნო გამოძიების მიერ დადგენილი ვერსია!“-აღნიშნავს ქადაგიძე.

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს.

როგორც ექსპერტი წერს, დავა სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა.

“დავა სტრასბურგში - მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა”

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ლამის ქვეყნის გადატრიალების საფუძვლად იქცა სამართლებრივად სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ დადგინდა და დამტკიცდა.

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ წერტილი დაესვა აქაური პოლიტშარლატანების სპეკულირებას ახალგაზრდის სიკვდილით.

„მგონი აქაური ე.წ. ღალატისა და ომის პარტია, მისი სატელიტები და აპოლიგეტებიც უაპელაციოდ აღიარებენ, რომ სტრასბურგის შემდეგ არანაირი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება არ არსებობს და რომ სტრასბურგი თემიდათა შორის უზენაესი თემიდაა!

ამიტომაც წაიკითხეთ და ნახეთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საბოლოო ვერდიქტით დაასკვნა: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროსო!

ასე რომ აქაური პოლიტშარლატანების სპეკულირებას ახალგაზრდის სიკვდილით, წერტილი დაესვა!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი 2019 წლის ივნისში წარადგინა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, საქართველოში მიმდინარე თითქმის სამწლიანი გამოძიების შემდეგ, 2020 წლის იანვარში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობდა.

2020 წლის 25 იანვარს, პროკურატურამ განაცხადა, რომ იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ გასროლა, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა გამოძიება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.

2019 წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს.

ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, თავად მაჩალიკაშვილი კი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებდა.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს.

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. 

სუსის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის ივნისში მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა შოაიფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად. პირველი დაკავებულია, ხოლო მეორე - ლიკვიდირებულია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წლის ნოემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს.

გავრცელდა ვიდეომასალაც, თუ როგორ ეხმარებოდა მათ თემირლან მაჩალიკაშვილი მობილური ტელეფონების შეძენაში, 2017 წლის 10 ნოემბერს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფიგურირებდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაქირავებ ბინაში უკაბელო ინტერნეტკავშირის (Wi-Fi ) პაროლად "Temirlani"-ი იყო მითითებული, ხოლო ბორზიევის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ინტერნეტმომსახურების ხელშეკრულების ფოტო.
ბორზიევთან და სოლტახმადოვთან მჭიდრო კავშირის დასტურად გამოქვეყნდა მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ერთობლივი ფოტოებიც.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირის დღემდე არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.

მთავარი სიახლეები